ყარაჩოღელის სიმღერის ამ ცნობილი ფრაზიდან ჩანს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქუდს ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ქუდს ყველა სხვადასხვა მიზეზით ატარებს. ზოგს უბრალოდ მოსწონს თავზე რაღაც რომ ახურავს, სხვებისთვის ეს იმიჯის ნაწილად იქცა, ზოგიერთი კი ამით სიმელოტის დაფარვას  ცდილობს. როგორც არ უნდა იყოს, ქუდს მეტ ნაკლებად ყველა ვატარებთ. გაინტერესებთ პირველად ვის ეხურა ქუდი? სამწუხაროდ, ამაზე ისტორია არაფერს ამბობს.

სავარაუდოდ, ქუდს ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ. მათი მიზანი მზის და სხვა საფრთხისგან პირდაპირი გაგებით თავის დაცვა იყო. ჩვენი წინაპრები ქუდებს სავარაუდოდ ცხოველის ტყავისგან ამზადებდნენ. ისტორიკოსებმა უძველეს ცივილიზაციების, ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის და ჩინეთის ისტორიის კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ქუდებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამ ქვეყნის ხალხებში. მათ სხვადასხვა მიზანი და დანიშნულება ჰქონდა. მაგალითად, როგორც ამბობენ, შეძლებული ეგვიპტელები თავებს იპარსავდნენ და შემდეგ ქუდით იმოსავდნენ. რატომ? თუ ეგვიპტეში ყოფილხართ დამეთანხმებით, რომ გაუსაძლისი სიცხეში თავზე თმის არქონაც კი შვებაა. დიახ, სწორად მიმიხვდით, გრილად რომ ყოფილიყვნენ თმებს იპარსავდნენ და როცა დასჭირდებოდათ ქუდს იხურავდნენ.

მაგრამ დროთა განმავლობაში პრაქტიკული მხარეები სხვა ფაქტორებმა ჩაანაცვლა. მაგალითად, ძველ საბერძნეთში ან რომში რომ გეცხოვრათ და თავზე ქუდი არ დაგეხურათ, ხალხი საზოგადოების დაბალ ფენას მიგაკუთვნებდათ, რადგან დაბალი კლასის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ქუდის ტარების უფლება. მაგრამ თუ კი ოფიციალურად გახდებოდით ქვეყნის მოქალაქე,  სიტუაცია შეიცვლებოდა. თქვენ შეგეძლოთ ქუდი დაგეხურათ — კაცი ხართ და ქუდი გხურავთ!

პანამა

შუა საუკუნეებში ქუდებმა სხვა დანიშნულება შეიძინეს და ხალხს უკვე ამ აქსესუარით ასხვავებდნენ ერთმანეთისგან. მაგალითად, მე-XIII საუკუნეში რომაელები ებრაელებისგან ითხოვდნენ ყვითელი ფერის ქუდების ტარებას, რომელიც ადვილად მიახვედრებდა გარშემო მყოფებს თუ ვის ესაუბრებოდნენ. სახელგანთქმული კოვბიოს ქუდით, ადვილად მიხვდებოდით, რომ ჩრდილოეთ ამერიკელთან გაქვთ საქმე. დღესდღეობით უამრავი სტილის ქუდია გავრცელებული. ზოგი მხოლოდ ერთი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, სხვები კი საზღვრებს გასცდნენ და მსოფლიო დაიპყრეს. თუ კი ადრე ქუდს მხოლოდ მზისგან დასავად იყენებდნენ, თანამედროვე ადამიანმა მას სხვა დანიშნულებებიც გამოუნახა, სახე შეუცვალა და გარემო პირობებს მოარგო. რას ვიტყვით მოტო მრბოლელებზე? ჩაფხუტი მათ შემთხვევაში შეუცვლელი ატრიბუტია. ის იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს და ვინ იცის რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ჩაფხუტი

რაღას ვიტვით მშენებლებზე? ბევრ მათგანს სიცოცხლე „კასკებმა“ შეუნარჩუნა. აბა როგორია შიშველი თავი დაუხვედრო შემთხვევით ჩამოვარდნილ აგურს. ამიტომ მშენებლობაზე თუ მუშაობთ, ჯობია ჩაფხუტი დაიხუროთ.

როგორც ვთქვით, ზოგიერთი სტილის ქუდი მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებშია პუპულარული. მაგალითად, აზიური კონუსისებრი ქუდი, რომელსაც ხშირად შევხვდებით ჩინეთში.

ინდური ქუდი

მუსლიმანური ჩალმა, რომელსაც მამაკაცები თავზე იხვევენ, მანდილოსნების თავსაბურავი ჩადრი ან თუნდაც ტრადიციული ინდური ქუდები. ჩამონათვალი შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, მაგრამ მოდი ცოტა ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. ქართველი მებრძოლები ოდითგანვე ატარებდნენ ჩაჩქანს, რომელსაც გარს წვრილი ჯაჭვი ერტყა. ასევე მუზარადსაც, ცხვირზე დამცავით. ამ აღჭურვილობის დახმარებით, მეომარი თავს დაცულად გრძნობდა, ოღონდ ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით თავს ვგულისხმობ. თუმცა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს საკუთარი ტრადიციული ქუდი აქვს. მაგალითად, ყველაზე ცნობილი სვანური ქუდი, ან თუნდაც კახური ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი და სხვა. თუმცა პატარა ქვეყანა ვართ, ქუდების ნაირფეროვნებას არ ვუჩივით.

სვანური ქუდი

იგივეს თქმა შეგვიძლია მექსიკურ სომბრეროზე. გაუსაძლისმა სიცხემ მექსიკელები აიძულა დიდი ზომის ქუდები შეეკერათ, რომელიც როგორც თავს ასევე მხრებსაც დაიცავდა მწველი სიცხისგან. ზუსტად არავინ იცის როდის შექმნეს პირველი სომბრერო, მაგრამ როგორც ამბობენ მას დასაბამი ცენტრალურ მექსიკაში მიეცა.

სომბრერო

როგორც ქალბატონებში ისე მამაკაცებში პოპულარობა ჰპოვა ბერეტმა. მისი მასობრივი წარმოება მე-XIX საუკუნეში საფრანგეთსა და ესპანეთში დაიწყეს. თავიდან ბერეტები სამხედრო პირებს და პოლიციელებს ეხურათ, მაგრამ დროის სვლასთან ერთად ეს ქუდი ჯარის საზღვრებს გასცდა და ფართო საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის დროს არსებობდა ბერეტის მაგვარი ქუდები ჩრდილოეთ ევროპაში, კრეტასა და იტალიაში.  

ბერეტი

კეპები მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ გიფიქრიათ ვის მოაფიქრდა პირველად მსაგვსი დიზაინის ქუდის შეკერვა? 1860 წელს ბრუკლინის ბეისბოლის მოთამაშეებს ერთობ უჩვეულო ქუდები ეხურათ, რომელიც მოთამაშეების თვალებს მზის სხივებისგან იცავდა. 1900-იანი წლების შემდეგ ამ სტილის ქუდებმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და არათუ ბრუკლინის, ამერიკის საზღვრებსაც კი გასცდა და მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. დღეს კეპებს მხოლოდ ბეისბოლის მოთამაშეები როდი ატარებენ, დიდსა თუ პატარას ერთნაირად მოსწონს მისი დიზაინი. ყოჩაღ ბრუკლინელო ბიჭებო!

კეპი

ვინაიდან კეპებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მომხმარებლებმა მისი მოდერნიზება გადაწყვიტეს და განსხვავებული იერსახე შესძინეს. ასეთნაირად მივიღეთ კეპები სახეშეცვლილი ფორმით (Ascot cap), რომლებიც ძირითადად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არც ქალბატონები ამბობენ უარს მათ ტარებაზე. მათ სხვადასხვა მასალისგან, ნაჭრისგან თუ ტყავისგან ამზადებენ და ძირითადად ერთი ფერის არის ხოლმე.

ზამთრის სიცივეში თავთან ერთად ყურებსაც ხომ სჭირდება დაცვა? ამიტომ ვიღაც ჭკვიანს მოაფიქრდა, რომ ქუდისთვის ერთგვარი საყურეები მიეკერებინა. მიზანი მიღწეულია! თავიცა და ყურიც თბილადაა შენახული.

ყურიანი ქუდი

რას ვიტყოდით პანამიკებზე? მათ ეკვადორში მიეცა დასაბამი 1600-იანი წლების შუა პერიოდში. მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მე-XVII—XVIII საუკუნეებში ჰპოვა. გიყვართ შლიაპები? მათი სხვადასხვა ფორმა და სტილი ერთნაირად პოპულარულია როგორც მამაკაცებში ისე ქალებში. ერთ-ერთი ასეთი ქუდს „ფედორას“ ეძახიან. ეს სახელი ამ ქუდმა 1882 წელს შეიძინა, როცა ცნობილმა ფრანგმა დრამატისტმა ვიქტორიენ სარდოუმ მსახიობ სარა ბერნჰარდს ნაწარმოები „ფედორა“ მიუძღვნა. სპეკტაკლში სარამ პრინცესა ფედორა რომაზოვის როლი შეასრულა და თავზე ერთგვარი შლიაპა ეხურა, რომელსაც დღეს მამაკაცთა უმრავლესობა ატარებს.

შლიაპა

ასე რომ, ეს აქსესუარი დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული და ბევრისთვის ერთგვარ საფირმო ნიშნად იქცა. ყარაჩოღელებისა არ იყოს: კაცი ვარ და ქუდი მხურავს!